შენობების სიმაღლე

  • შენობების მაქსიმალური სიმაღლე უნდა განისაზღვროს მითითებული სქემის მიხედვით. მიწისზედა სართულების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 2 სართულს (მანსარდის სართულის ჩათვლით).
  • შენობის მაქსიმალური სიმაღლე ბრტყელი გადახურვის შემთხვევაში არ უნდა აღემატებოდეს 7.5 მ-ს.
  • შენობის მაქსიმალური სიმაღლე ქანობიანი სახურავის შემთხვევაში, კეხის წერტილში არ უნდა აღემატებოდეს 10 მ-ს.
  • სართულიანობა და მაქსიმალური სიმაღლე ითვლება რელიეფის დაბალი ნიშნულიდან.
  • შენობის მაქსიმალურ სიმაღლეში და სართულიანობაში არ შედის:
    1. ბრტყელი გადახურვის შემთხვევაში სახურავზე ასასვლელი კიბის უჯრედი
    2. საკვამური ან სავენტილაციო შახტა

შენობების განთავსება

  • თითოეულ მიწის ნაკვეთზე შენობის განთავსება უნდა მოხდეს დადგენილი რეგულირების წითელი ხაზების ფარგლებში. აღნიშნულ რეგულირების ხაზებს არ უნდა გასცდეს შენობის ძირითადი ნაწილის (მიწისზედა სათავსების) არც ერთი ელემენტი.
  • რეგულირების წითელი ხაზების მიღმა შეიძლება მოეწყოს შემდეგი ნაგებობები:
    1. საცურაო აუზი
    2. მსუბუქი კონსტრუქციის ფანჩატური
    3. ღია ან დახურული ავტოსადგომი
    4. მიწისქვეშა სათავსები
    5. 1 სართულიანი დამხმარე შენობა

შენიშვნა: ნებისმიერი ობიექტი, რომელიც განთავსდება რეგულირების ხაზის მიღმა მოშორებული უნდა იყოს სამეზობლო საზღვრიდან მინიმუმ 1 მ-ით.

შენობების გადახურვა

შენობების ბრტყელი გადახურვის მოპირკეთების მასალა შეზღუდული არ არის.

  • შენობების ქანობიანი სახურავის შემთხვევაში დასაშვებია შემდეგი მასალების გამოყენება:
  1. კრამიტი
  2. ფიქალი
  3. თუნუქი
  4. თუთია
  5. ხე
  6. მწვანე სახურავი
  7. შინგლი (ასფალტის ყავარი)
  8. მინა
  • დაუშვებელია მკვეთრი ფერის სახურავის მასალის გამოყენება (წითელი, მწვანე, ლურჯი)

ფასადის მოპირკეთება

შენობის ყველა ფასადი დამუშავებული უნდა იყოს მაღალი არქიტექტურული მოთხოვნებით, და სამეზობლო საზღვრის მიმართულებით მდებარე ფასადებს არ უნდა დაეთმოს ნაკლები ყურადღება.

შენობის ფასადის მოსაპირკეთებელი მასალები:

ბუნებრივი ქვა, ფიქალი, ხე, ლითონი, აგური, ფასადის პანელები (შესაფერისი ფერის და მასალის)

შენობის ფასადის მოსაპირკეთებელი ელემენტები:

1. დაუშვებელია მკვეთრი ფერებისა და დეკორატიული ელემენტების გამოყენება ფასადის მოპირკეთებისათვის.

2. ღიობის დამცავი საშუალებები (ჟალუზები, გისოსები და სხვა) უნდა მოეწყოს წინასწარ დაგეგმილი, ფასადთან შეთანხმებული გადაწყვეტით და საერთო სტილიზაციის დაცვით.

3. გათბობის, კონდიცირებისა და სხვა მსგავსი მოწყობილობები უნდა განთავსდეს შენობის შიგნით ან შიდა ეზოს მხარეს, ან აივანზე სპეციალურად გამოყოფილ სათავსებში. ან უნდა შეინიღბოს დეკორატიული ელემენტებით (ჟალუზი, ეკრანი და სხვა). დაუშვებელია ასეთი მოწყობილობების განთავსება შენობის მთავარ ფასადზე.

4. ანტენები (სატელიტური, სატელევიზიო და სხვა) უნდა განთავსდეს სახურავზე. ტექნიკური აუცილებლობის შემთხვევაში დასაშვებია მათი განთავსება შენობის ფასადებზე, ქუჩის მხარეს გამომავალი ფასადის გარდა.

მიწის ნაკვეთის შემოღობვა

ტერიტორიის შემოღობვის მთავარი პრინციპები:

  • შენობების წინა ეზო (გზის მიმდებარე ნაწილი), წარმოადგენს უბნისთვის მნიშვნელოვან არეალს ვიზუალური თვალსაზრისით. შესაბამისად კერძო მესაკუთრეების მიერ მოწყობილ წინა ეზოს კეთილმოწყობის ხარისხზე, მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული უბნის სამომავლო იერსახის ხარისხი.
  • გამომდინარე აქედან, გზის მიმდებარე ნაწილი უნდა შემოიფარგლოს საფასადე ღობით.
  • უკანა ეზო წარმოადგენს მიწის ნაკვეთის იზოლირებულ და მეტად ინტიმურ ტერიტორიას. ის არ არის აღქმადი ქუჩის მხრიდან. შესაბამისად, მისი შემოღობვა შესაძლებელია ნაკლებად გამჭვირვალე ღობით.

უკანა ღობის მონტაჟი/შეცვლა უნდა მოხდეს მომიჯნავე მესაკუთრესთან შეთანხმებით.

ღობის დიზაინი და პარამეტრები

კომპანია უზრუნველყოფს ორი ტიპის ღობის მოწყობას:

⦁ საფასადე ღობე – ქუჩის მხარეს გამომავალი ღობე
⦁ სამეზობლო ღობე – მომსაზღვრე ეზოს, პარკისა და ტყისკენ გამავალი ღობე
ღობის საერთო სიმაღლე შეზღუდულია და მისი მაქსიმალური სიმაღლე შეადგენს 2მ-ს.